Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართვის მოწმობა ჩამოგართვეს? თებერვლამდე დაგიბრუნებენ - რატომ არის საშიში ეს ინიციატივა


"23 000-მდე პირს ვაფრთხილებთ, რომ ერთჯერადად მიიღებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობას..."
"23 000-მდე პირს ვაფრთხილებთ, რომ ერთჯერადად მიიღებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობას..."

მოკლედ

  • სადავო პარლამენტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც მართვის მოწმობების ამნისტიას ითვალისწინებს.
  • ამნისტია შეეხება 23 000 მძღოლს, რომლებმაც წესები 2025 წლის 10 დეკემბრამდე დაარღვიეს.
  • ოპონენტები ამ ინიციატივას რამდენიმე არგუმენტით აკრიტიკებენ.

იმ მძღოლებს, რომლებსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩამოართვეს მართვის მოწმობა სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, სიმთვრალისთვის, ავარიის ადგილის მიტოვებისთვის, მართვის მოწმობები 2026 წლის პირველ თებერვლამდე აღუდგებათ.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, სადავო პარლამენტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ამნისტიას გამოაცხადებს სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.

კანონპროექტის ავტორების თანახმად, ეს არის გარდამავალი დებულება, ერთჯერადი ჩანაწერი, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

აი, როგორ ახსნა არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, მართვის მოწმობების „ამნისტიის“ გადაწყვეტილება 16 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენისას:

არჩილ გორდულაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
არჩილ გორდულაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

„რადგანაც კანონი მკაცრდება, მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და ჩვენი, საპარლამენტო გუნდის, რა თქმა უნდა, უპირობო გადაწყვეტილებით, იქნება შესაძლებლობა, რომ 23 000-მა ადამიანმა ერთჯერადად დაიბრუნოს მართვის მოწმობები და ამავდროულად, მანქანები გამოიყენონ საოჯახო მეურნეობისთვის, ეკონომიკური საქმიანობისთვის, სოციალური საკითხების მოსაგვარებლად და შემდეგ იყვნენ ყურადღებით...

23 ათასამდე პირს ვაფრთხილებთ, რომ ერთჯერადად მიიღებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობას, მაგრამ ყოველი შემდგომი დარღვევა გამოიწვევს უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას, ვიდრე აქამდე იყო გათვალისწინებული და ამით ერთგვარი ბალანსი იქნება დაცული ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებებით“.

რა იგულისხმება „კანონის გამკაცრებაში“, ამას სტატიის ბოლო ქვეთავში წაიკითხავთ.

ვის დაუბრუნებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს?

მათ, ვინც წესები 2025 წლის 10 დეკემბრამდე დაარღვია.

მართვის მოწმობებს დაუბრუნებენ იმ მძღოლებს, რომლებსაც პოლიცია ედავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45-ე პრიმა, 115-ე სეკუნდა, 116-ე და 123-ე მუხლით ჩადენილ სამართალდარღვევებს.

ანუ მძღოლებს, რომლებიც ავტომობილს მართავდნენ:

  • ალკოჰოლური სიმთვრალისას;
  • მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდათ სიმთვრალეში მანქანის მართვის გამო, თუმცა მაინც ისხდნენ საჭესთან;
  • მძღოლებს, რომლებმაც სიმთვრალეში ავტომობილის მართვისას დააზიანეს სხვისი ქონება ან ადამიანს მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება;
  • მძღოლებს, როლებსაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, თუმცა მათ შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინონ;
  • მძღოლებს, რომლებსაც მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად, მძღოლს ტრანსპორტის მართვის უფლება შეიძლება შეუჩერდეს 3 წლამდე, ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. უფლება არ შეიძლება შეჩერდეს 15 დღეზე ნაკლები პერიოდით. მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს მათ, ვინც, ავტომობილით სარგებლობს შესაძლებლობის შეზღუდვის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი მანქანას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.

რამდენ მძღოლს აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა?

ოფიციალური მონაცემებით - 35 445 მძღოლს, მათ შორის:

  • სიმთვრალის გამო - 18 310;
  • ავარიის მოწყობისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის - 134;
  • ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის - 3 504;
  • ქულების ამოწურვის გამო - 781;
  • სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით - 327;
  • სხვა მიზეზებით, მათ შორის, წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო - 11 389.

როგორ შეხვდნენ ირაკლი კობახიძის ინიციატივას მძღოლები

მძღოლების ნაწილი "ქართული ოცნების" ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში დადებითად გამოეხმაურა:

"რა მაგარია ბრავოო. აი ცხოვრებაში ერთხელ დავჯექი საჭესთან ნასვამი და ისიც დამაკავეს ეგრევე. ხოდა ვაღიარებ რომ დავაშავე. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც ვღებულობ ამ დანაშაულს. ეხლა კი გამიმართლა და დამეცა ტუზი..."

"გაუმარჯოს კობახიძეს და გორდულაძეს და ყველას ვინც ეს კანონი გამოუშვა, გილოცავთ მწვანეზე გევლოთ".

"მივმართავ იმათ, ვისაც ეს ამნისტია არ გაუხარდა: ხალხო, გონს მოდით, ტაძარში წადით და უფალს შეევედრეთ, რომ მოგცეთ მოყვასის პატიების უნარი. ნუ განიკითხავთ და არ იქნებით განკითხულნი".

"რაც დავაშავე მაგაზე თავს არასოდეს ვიმართლებ ძალიან ცუდი გავაკეთე რომ საჭესთან ნასვამი დაჯექი და ვნანობ ამ ყველაფერს, არც არასოდეს გამიპრავებია თავი, მაგ საქციელს გაპრავება არა აქ, მაგრამ ჩემთვის მართვის მოწმობას დიდი მნიშვნელობა აქ და მაგრად გამიხარდა ეს ყველაფერი..."

„ქართული ოცნების“ ინიციატივის ოპონენტები

„ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა სიმთვრალე, სიჩქარის გადაჭარბება, პირიქით, აღსრულება უნდა იყოს გაცილებით ეფექტიანი... სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ვიცნობ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და ასეთი პრაქტიკა, რომ განსაკუთრებით სიმთვრალის გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობები ასე, ყოველ მიზეზის გარეშე აღადგინონ, არ მსმენია. პირიქით, ყველა ქვეყანა ამკაცრებს ამ მიმართულებით დამოკიდებულებას“, - ამბობს გელა კვაშილავა, გაეროს პროექტების ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა 345 ადამიანი. დაშავდა - 6041.

2025 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი 4480 ავტოსაგზაო შემთხვევა აღრიცხვა.

გასულ, 2024 წელს ავტოავარიაში დაიღუპა 444 ადამიანი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ჩადენილ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში ასეთი 43 716 შემთხვევაა აღრიცხული.

გელა კვაშილავა
გელა კვაშილავა

„ის, რომ დღეს საქართველოში ათიათასობით ადამიანს აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა და ამნისტიის აქტი გამოდის, ეს უკვე არის უდიდესი პრობლემა. ვერ დამისახელებთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო იღებს ამნისტიის აქტს, რომ ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნოს მძღოლებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვასო ურუშაძე, ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში, რომლის თქმითაც, რეალურად, ხელისუფლება გაურბის მთავარ პრობლემას, ავტოსაგზაო შემთხვევების სტაბილურად მაღალ მაჩვენებელს.

ვასო ურუშაძე
ვასო ურუშაძე

ამასთანავე, ის ამბობს, რომ მხოლოდ გაზრდილი ჯარიმები საგზაო უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და კომპლექსური მიდგომაა საჭირო:

„ჯარიმების გაზრდის მცდელობებიც არაეფექტიანია. ამით რეალურ შედეგს ვერ ვიღებთ. სწორი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვით, შესაძლოა, ავტოავარიების რაოდენობა ვერ შეამცირო, მაგრამ მაქსიმალურად შეამცირო სიკვდილიანობა, რასაც განვითარებულმა ქვეყნებმა მიაღწიეს, მაგრამ ჩვენ სრულიად საპირისპირო მხარეს მივდივართ“, - ამბობს ვასო ურუშაძე.

შემოდგომაზე, შსს-ს ინიციატივით, გაიზარდა ჯარიმები მძღოლებისთვის. მაგალითად, 100 ლარამდეა ჯარიმა ავტომობილის გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის; 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის. შსს-ს განმარტებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზების ანალიზი ადასტურებს, რომ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო მნიშვნელოვნად გამკაცრებულიყო სანქციები.

კიდევ რა იცვლება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“?

კანონპროექტი მოიცავს გრძელვადიან ცვლილებასაც.

  • გაუქმდება სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დროზე ადრე აღდგენის შესაძლებლობა, რაც დაშვებული იყო, მაგალითად, მაშინ, როდესაც უკვე გასული იყო მართვის უფლების შეჩერების ვადის ნახევარი ან მეტი.

კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ სახელმწიფომ ისეთი რეგულირება უნდა დააწესოს, რომ გამოირიცხოს შეღავათები და დაინერგოს შემაკავებელი მექანიზმები.

„მართვის მოწმობის ნაადრევად დაბრუნების შესაძლებლობა ნამდვილად იყო პრობლემა“, - ეუბნება ვასო ურუშაძე რადიო თავისუფლებას და განაგრძობს - "[ისინი], ვისაც კავშირები აქვს ხელისუფლებასთან, საპატრულოში... [ფიქრობენ] რომ თუკი ნასვამ მდგომარეობაში გამაჩერებს პატრული, დავრეკავ ნაცნობთან, ან თუ ვერ დავრეკავ, ბოლოს და ბოლოს სამ თვეში დამიბრუნებენ...

კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი... მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჯარიმების გამკაცრებით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, პრობლემა ბევრად სიღრმისეული და კომპლექსურია და ამგვარი ინიციატივები არის ზღვაში წვეთი“.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტი 17 დეკემბერს, დაჩქარებული წესით უყრის კენჭს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG