ამ საქმეზე 65 ადამიანია ბრალდებული, ამიტომ პროკურატურამ ბრალდებულები ხუთ ჯგუფად დაყო. ეს ჯგუფები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბრალდებულს აერთიანებს.
ამ საქმის მოსამართლეებიდან ხუთივეს ერთხელ მაინც განუხილავს პროევროპული აქციების მონაწილეებთან დაკავშირებული საქმეები. მათგან ორს, რომეო ტყეშელაშვილს და თამარ მჭედლიშვილს კი განაჩენებიც გამოუცხადებია.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი
44 წლის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სასამართლო სისტემაში 2001 წლიდანაა. 2005 წლიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმიანობს, თუმცა მოსამართლედ 2021 წელს დაინიშნა. მჭედლიშვილი ერთ-ერთია ლიეტუვის მიერ სანქცირებული ქართველი მოსამართლეებიდან.
გახმაურებული საქმეები
თამარ მჭედლიშვილი სასამართლო სისტემის მიღმა, საზოგადოებამ, პროევროპული აქციების მონაწილეების საქმეებიდან გაიცნო.
პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანებიდან მან განიხილა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების, თედო აბრამოვის და ნიკა კაციას საქმეები, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 19 წლის სტუდენტის საბა ჯიქიასა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის საქმე.
- მან საბა ჯიქიას 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა:
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს მუხლი შეუმსუბუქა. ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულები ჯგუფური ძალადობის ნაცვლად, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ცნო დამნაშავედ და 2 წლითა და 6 თვით დააპატიმრა, მონაწილეები - 2 წლით.
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული აქციის მონაწილეების შემთხვევაში კი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
სასამართლო სხდომებზე გამოჩნდა, რომ თამარ მჭედლიშვილი გამოირჩევა სიმკაცრით, არ აგვიანებს, აკვირდება დამსწრეების ჩაცმულობას და ქცევას. სხდომათა დარბაზში თუნდაც შესვენებაზე მის თვალწინ შოკოლადის ფილის გახსნაც არავის უცდია.
იცის, რა იწერება მის შესახებ მედიაში და რეაგირებს კიდეც. მაგალითად, ერთ-ერთ სხდომაზე მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტს უთხრა: „ყავას არ ვსვამ, ყავის ჭიქაში წამალი მისხიაო“. იმ დღეს, რადიო თავისუფლების ლაივრეპორტაჟში, ასეთი წინადადება ეწერა: „მოსამართლე სხდომათა დარბაზში ყავის ჭიქით ხელში შემოდის, უკეთია პირბადე“.
განათლება
თამარ მჭედლიშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ორჯერ 2007 და 2014 წლებში ჩააბარა. 2020-2021 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლის მსმენელი გახდა, სწავლის დასრულების შემდეგ მოსამართლედ დანიშნეს. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორანტი იყო.
სამუშაო გამოცდილება
სასამართლო სისტემაში კარიერა ხაშურის რაიონული სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტობიდან დაიწყო. იყო ამავე სასამართლო სხდომის მდივანიც.
- 2005 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოშია. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში ჯერ სხდომის მდივანი იყო, შემდეგ მოსამართლის თანაშემწე.
- 2015 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე იყო.
- 2021 წელს მოსამართლედ დაინიშნა, თუმცა არა სისხლის, არამედ სამოქალაქო საქმეებზე. აქედან ერთ წელში საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ გადაიყვანეს.
- 2025 წლის ოქტომბრიდან კი სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეა. ის უვადოდ 2024 წელს დანიშნეს.
რადიო თავისუფლებამ მოსამართლის ქონების დეკლარაციაც შეისწავლა, სადაც წერია, რომ 2024 წელს მოსამართლის ხელფასი 95 271 ლარი (თვეში 7 939 ლარი) იყო. ამავე წელს მან მოგზაურობაში 20 000 ლარი დახარჯა.
2024 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კი მოსამართლემ, რომელმაც 2023 წელსაც 20 000 ლარი დახარჯა მოგზაურობაში, 85 513 ლარი მიიღო (თვეში 7 126 ლარი).
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი
საქალაქო სასამართლოში ის ფეხით შედის. სხდომებზე ყურადღებას აქცევს დამსწრეების მიმიკებს, მოძრაობას, სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ფეხზე დგომის დროსა და ფორმას.
რომეო ტყეშელაშვილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი პირველად 2022 წელს გაჩნდა, როცა მან უარი თქვა აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე.
მისი თქმით, მან და კიდევ ოთხმა მოსამართლემ (ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, მაია ქოქიაშვილი და გიზო უბილავა) ასე გააპროტესტეს სპეციალური სასწავლო პროგრამიდან ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნა.
მაშინ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ლაშა ჩხიკვაძეს უსამართლოდ მოექცნენ და ეს მიუღებელია:
„მოსამართლის მიერ მიღებულ რომელიმე გადაწყვეტილებაზე რაიმე ანგარიშის მოთხოვნა არის ყოვლად მიუღებელი და აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად არ მქონდა მორალური უფლება, ამ ყოველივეს შემდეგ მაგ ვიზიტში მიმეღო მონაწილეობა“, - უთხრა რომეო ტყეშელაშვილმა საქართველოს "პირველ არხს".
რომეო ტყეშელაშვილმა კოლეგები დაიცვა მაშინაც, როცა 2023 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეებს დაუწესა სანქციები - მან ფეისბუკზე ამ გადაწყვეტილებას “მორიგი ცრუ ბრალდებები” უწოდა.
გახმაურებული საქმეები
2025 წელს რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი აქტივისტის გიორგი ახობაძის საქმე სასამართლო პროცესის დასასრულს, თითქმის ექვსი თვის თავზე, მიხეილ ჯინჯოლიასგან გადაიბარა. მან ახობაძე გაამართლა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ის იყო პროევროპული აქციების მონაწილეებიდან პირველი, რომელსაც პატიმრობა არ მიუსაჯეს.
კარიერა
41 წლის რომეო ტყეშელაშვილი 15 წელია სასამართლოში სისტემაში მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველად თითქმის 20 წლის წინ, სტაჟიორად მივიდა.
- 2010 წლიდან კი მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიაში, სპეციალისტის პოზიციაზე;
- 2022 წლიდან ის ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა;
- 2024 წელს უვადო მოსამართლედ განაწესეს.
2025 წლის ქონების დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს რომეო ტყეშელაშვილის შემოსავალი 94 271 ლარი იყო, აქვს ხელფასიდან დანაზოგი 20 000 ლარი.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე
35 წლის ირაკლი ხუსკივაძე 2011 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს. მოსამართლეობამდე ის გზა გაიარა, რასაც ამ სისტემაში უმრავლესობა გადის, ჯერ სხდომის მდივანი იყო, შემდეგ მოსამართლის თანაშემწე. 2023 წლიდან ის უვადოდაა დანიშნული მოსამართლედ.
გახმაურებული საქმეები
ირაკლი ხუსკივაძემ შეუფარდა პატიმრობა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ რვა დემონსტრანტს. ის არის მოსამართლე, რომელსაც ადვოკატებმა ეთიკის კომისიაში უჩივლეს. მიზეზი მესამე სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენები გახდა, რა დროსაც სხდომის მიმდინარეობისას ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა.
ამ სასამართლოზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ეს სავალდებულო პროცედურაა, როცა პროკურატურა გამოძიების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.
11 იანვრის სხდომაზე რვა დაკავებულის პროცესის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის ჩასატარებლად შედარებით მომცრო - მესამე დარბაზი აირჩია.
ცოტა ელოდა, რომ მოსამართლე ხუსკივაძე ადვოკატების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, ერთი გარემოების გამო - ამავე მოსამართლემ იმსჯელა, ბრალდებულების იმავე შემადგენლობისთვის გასული წლის დეკემბერში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. სხდომა დასწრების მსურველთა რაოდენობის გამო სწორედ პირველ დარბაზში ჩაატარა.
ამჯერად მოლოდინი არ გამართლდა. მოსამართლემ თქვა, რომ ადვოკატებს არ ეზღუდებოდათ შესაძლებლობა დაცვის ქვეშ მყოფთან კონტაქტის, სხდომის საჯაროობას მედია უზრუნველყოფდა, დარბაზის შეცვლის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
ამის თქმიდან მალევე მანდატურებმა დარბაზში ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილისთვის მაგიდა შეიტანეს.
საბოლოოდ, დარბაზის შეცვლაზე დავა ადვოკატების ბოიკოტით დასრულდა. მათ სხდომა დატოვეს “ღირსების შემლახავი გარემოს” არგუმენტით. ადვოკატებმა მოსამართლეს ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს, სადაც ეწერა:
"ჩვენ არ ვამბობთ უარს დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე, გთხოვთ, სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას დარბაზში".
დაკავებულების ოჯახის წევრების მშობლებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი სასამართლოს დერეფანში გააგრძელეს.
ბოიკოტის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სასამართლო სხდომა გააგრძელა.
სასამართლოს აქვს უფლება, აღკვეთის ღონისძიების საკითხი ადვოკატების მონაწილეობის გარეშე გადასინჯოს, მაგრამ ამ საქმეზე, ამ უფლების შესრულებს რამდენიმე რამ უშლიდა ხელს - დაკავებული 8 ახალგაზრდიდან ოთხი 21 წელს მიუღწეველი იყო, ერთი კი ქართულად არ საუბრობდა.
ამის გამო, პროკურატურამ ხუთი დაკავებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა. სახაზინო ადვოკატს პროკურორები და მოსამართლე სამი საათი ელოდნენ. გიორგი მდინარაძეს მოუწია დაეცვა დაკავებულები ისე, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ იცნობდა. მან ბრალდებულებთან გასაუბრებაც მოითხოვა, თუმცა ისინი ბადრაგს უკვე წაყვანილი ჰყავდა.
განხილვა ნახევრად ცარიელ დარბაზში ერთი საათი გაგრძელდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლის გარეშე ადგილზე გამოაცხადა და რვა დაკავებული ისევ პატიმრობაში დატოვა.
განათლება
ირაკლი ხუსკივაძემ 2012 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
- 2015 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
- 2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
ქონებს დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს მისი ხელფასი ჯამში 94 271 ლარი იყო. მას აქვს სესხი თიბისი ბანკში. ბინის რემონტი 18 421 ლარი დაუჯდა, ავეჯის შეძენა 6 267 ლარი.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ბალტიის ქვეყნებმა დაასანქცირეს და თავიანთ საზღვრებში შესვლა აუკრძალეს.
მოსამართლე გიორგი გელაშვილი
გიორგი გელაშვილი 2021 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2024 წლიდან უვადოდაა დანიშნული.
მოსამართლე გიორგი გელაშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელთა გადაწყვეტილებებიც ბოლო წლებში არაერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს.
გახმაურებული საქმეები
მან მიუსაჯა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეს, სარეკლამო სააგენტო “ლიმონის” დამფუძნებელს გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა.
გიორგი ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის მიზეზით, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ეს გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას.
პროკურატურა ოკმელაშვილს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილსაც ედავებოდა (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა), თუმცა 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მას ეს ბრალი მოეხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა. ამ მუხლით ჩადენილ დანაშაულს პარლამენტის მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო.
ოკმელაშვილის განაჩენის გამოცხადება გელაშვილმა სამჯერ გადადო. საია ვარაუდობდა, რომ ის პროცესს შეგნებულად აჭიანურებდა.
რატომ?
საიას შეფასებით, ეს უკავშირდებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვადის ამოწურვას, რათა მას არ შეეწყალებინა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულები.
გიორგი გელაშვილი ასევე იყო გიორგი ბაჩიაშვილის საქმის [ცნობილი, როგორც ბიტკოინების საქმე] მოსამართლე და მას 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა – ეს იყო საქმე, რომელსაც პოლიტიკური დევნის ნიშნებიც ჰქონდა. ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დავობდა.
გიორგი გელაშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც ბალტიის ქვეყნებმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.
განათლება
გიორგი გელაშვილმა იურიდიული განათლება ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო.
ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის, ადვოკატთა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები.
- 2018-2019 წლებში გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში (ევროკავშირი საქართველოსთვის).
- 2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სასამართლო სისტემაში კარიერა ხაშურის სასამართლოდან დაიწყო, სადაც სხვადასხვა დროს წამყვანი სპეციალისტი, მოსამართლის თანაშემწე და სხდომის მდივანი იყო.
მოსამართლე თამარ მახარობლიძე
34 წლის მოსამართლე, თამარ მახარობლიძე სასამართლო სისტემაში ერთი წლის წინ 2024 წელს მივიდა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე იყო, შემდე კი სისხლის სამართლის საქმეებზე გადაიყვანეს.
სასამართლომდე საჯარო და აკადემიურ სექტორში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.
2015 წლიდან 7 წელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი იყო. კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, ალტე უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.
2022 წლიდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
თამარ მახარობლიძემ იურისტის კვალიფიკაცია თსუ-ში მიიღო. ამ უნივერსიტეტში გაიარა მაგისტრატურა და დოქტორანტურაც.
საერთაშორისო განათლება აქვს:
- ევროპულ უნივერსიტეტ ვიადრინაში გაიარა სამართლის კურსი ,,ევროპული სისტემა ადამიანის უფლებათა დაცვისთვის“.
- ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი ,,ლტოლვილები და მიგრანტები საერთაშორისო სამართალში“.
- 2019 წელს ლუნდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი ,,მრავალდონიანი მმართველობის პერსპექტივები, დეცენტრალიზაცია და ადამიანის უფლებები“.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები.
იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ის მადლობელი იყო „ქართული ოცნების“ და მიიჩნევდა, რომ „ქართული ოცნების“ უდიდესი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მონაპოვარი – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაა”.
იქამდე, სანამ მოსამართლე გახდებოდა, სოციალურ ქსელში საჯაროდ აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ ოპონენტებს, ოპოზიციურად განწყობილ არხებს და ღიად იწონებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებულს.
თამარ მახარობლიძემ შეუფარდა პატიმრობა გელა უძილაურს, რომელიც უკვე მსჯავრდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში. ამ სხდომიდან მან "ტვ პირველის" ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია გააძევა.
ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რატომ არ მისცეს გელა უძილაურის საქმის განხილვისას "ტვ პირველს" ფოტოების გადაღების უფლება, როცა მოთხოვნა კანონიერი იყო, თუმცა პასუხების ნაცვლად, მოსამართლემ ჟურნალისტები ფეხზე წამოაყენა, ჯერ საჯაროდ შენიშვნა მისცა, ბოლოს კი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
4 ოქტომბრის საქმის პროკურორი ლაშა ცქვიტარია ვარაუდობს, რომ მათ მტკიცებულებების გამოკვლევად 15-დან 20 სხდომამდე დასჭირდებათ. მოსამართლეებმა განრიგი გაწერეს. თითოეული ჯგუფის შემთხვევაში ერთ კვირაში ერთი სხდომა ჩატარდება.
ფორუმი