„ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - წერია განმარტებით ბარათში.
ცვლილებებზე, - რომელიც „იარაღის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების პაკეტში შედის, - პარლამენტმა პირველად 25 ნოემბერს იმსჯელა და საბოლოოდ სამშაბათს, 9 დეკემბერს მიიღო.
ეს ცვლილებები შედის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში.
ცვლილებები ავალდებულებს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ 1 მარტამდე:
- შეიმუშაოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა“
- ასევე, შეიმუშაოს მასში მონაცემების შეტანის კრიტერიუმები
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების შესახებ მონაცემები მოიპოვოს „შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან“ და შეიტანოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში“.
ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, - ამჟამად პარტია „ფედერალისტების“ წევრი, მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება „ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს“ და დაარღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს.
ავტორები კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასე აღნიშნავენ ცვლილების საჭიროებას:
„ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება“.
ამის მაგალითად კი პარტია წერს:
„გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა“.
ფორუმი