ეს გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო ორი კვირის განმავლობაში მთელ ბულგარეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე. დემონსტრანტები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას.
ჟელიაზკოვის ბრიფინგი ჩატარდა მალევე მას შემდეგ, რაც მისი მთავრობისადმი უნდობლობის ვოტუმზე კენჭისყრა გადაიდო. უნდობლობის ვოტუმის საკითხი დააყენა “ვაგრძელებთ ცვლილებას-დემოკრატიულმა ბულგარეთმა” (ПП-ДБ), რასაც მხარი დაუჭირეს „უფლებებისა და თავისუფლებების ალიანსმა“ (АПС) და “მორალი, ერთობა, ღირსებამ“ (МЕЧ). კენჭისყრა ადგილობრივი დროით 12:30-ზე უნდა გამართულიყო, მაგრამ პარტიამ - „არის ასეთი ხალხი“ - მოითხოვა 30-წუთიანი შესვენება, რასაც ძალიან მალე მოჰყვა როსენ ჟელიაზკოვის განცხადება გადადგომის შესახებ.
გადადგომის შესახებ განცხადებიდან რამდენიმე წუთში, პარლამენტის სპიკერმა რაია ნაზარიანმა მაინც დააყენა კენჭისყრაზე პარასკევს ПП-ДБ-ს მიერ შემოთავაზებული მთავრობის უნდობლობის ვოტუმი, რაც წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა - 106-მა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი - 0, თავი არავის შეუკავებია.
“მათი მოთხოვნა არის მთავრობის გადადგომა. როგორც ახალგაზრდებმა, ისე ასაკოვანებმა, სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებმა მოითხოვეს გადადგომა და ეს სამოქალაქო ენერგია უნდა იყოს მხარდაჭერილი, ის უნდა წახალისდეს.
პროტესტი იყო ამპარტავნებისა და ქედმაღლობის წინააღმდეგ. ეს არის პროტესტი ღირებულებებისთვის. ეს არ არის სოციალური პროტესტი. ეს არ არის პროტესტი პოლიტიკის წინააღმდეგ”, - განაცხადა ჟელიაზკოვმა.
საპროტესტო გამოსვლები ბულგარეთში მოჰყვა ნოემბერში შემოთავაზებულ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც მოგვიანებით გაიწვიეს. დაგეგმილი იყო კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის გადასახადებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაზრდა, აგრეთვე ხელფასებისა და სახელმწიფო ხარჯების გაზრდა.
ბულგარეთის მთავრობის გადადგომას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა პარტიის - „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ (ГЕРБ) - ლიდერ ბოიკო ბორისოვის განცხადება, რომ მთავრობა არ გადადგებოდა მანამდე, სანამ 1-ლ იანვარს ბულგარეთი ოფიციალურად არ შეუერთდებოდა ევროზონას.
მანამდე, 11 დეკემბერსვე, კვლევითი კომპანია Market Links-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ საპროტესტო გამოსვლებს ГЕРБ-ის მიმართ მხარდაჭერის ვარდნა მოჰყვა. მონაცემების თანახმად, ბულგარელების 81% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პროტესტი მიმართულია კოალიცია „ДПС-ახალი დასაწყისისა” და ГЕРБ-ის ლიდერების - კორუფციის გამო სანქცირებული დელიან პეევსკისა და ბოიკო ბორისოვის - წინააღმდეგ. გამოკითხულთა 82%-ს კი სურს მმართველობის მოდელის ცვლილება ან უფრო ზუსტად, მის უკან მდგომი ლიდერების შეცვლა, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა და ა.შ..
როსენ ჟელიაზკოვის მთავრობა 2025 წლის დასაწყისიდან შეუდგა საქმიანობას. ის ჩამოყალიბდა პარტიების - ГЕРБ-ის, БСП-ის, ИТН-ის და “АПС და აჰმედ დოგანის” მხარდაჭერით. მოგვიანებით “დოგანის” ხალხი გამოეყო ამ ჯგუფს და მთავრობა დაადანაშაულა დელიან პეევსკის სასარგებლოდ მუშაობაში. მას შემდეგ პეევსკი მუდმივად იმეორებდა, რომ ის არ შეწყვეტდა მთავრობის მხარდაჭერას და რომ ის უნდა დარჩენილიყო ძალაუფლებაში მისი ოთხწლიანი ვადის ბოლომდე.
ფორუმი