კრემლში დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები. გამოცემა „კომერსანტის“ კორესპონდენტი იუწყება, რომ მოლაპარაკებები თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: ამერიკული მხრიდან - ჯარედ კუშნერი, დონალდ ტრამპის სიძე და რუსეთის მხრიდან - კირილ დმიტრიევი, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და იური უშაკოვი, ვლადიმირ პუტინის მრჩეველი.
კირილ დმიტრიევმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იყო.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
„საუბარი იყო ერთობ სასარგებლო, კონსტრუქციული, ერთობ შინაარსიანი და გაგრძელდა არა ხუთ წუთს, არამედ ხუთ საათს“.
უშაკოვის თანახმად, ჯერჯერობით გეგმის კომპრომისული ვერსია არ არსებობს: „ზოგიერთი ამერიკული იდეა გვაწყობს, ზოგიერთი - არა“.
„ინტერფაქსი“ ასევე უშაკოვზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები შეთანხმდნენ არ გაახმაურონ მოლაპარაკებების შინაარსი.
პუტინის მრჩეველმა განაცხადა, რომ „განხილული იყო კონკრეტულად ტერიტორიული პრობლემები, რომელთა გარეშეც ვერ ვხედავთ კრიზისის გადაწყვეტას“.
უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აგრეთვე დააზუსტა, რომ ამერიკელებთან განიხილეს „იმ პროექტების, იმ დოკუმენტების შინაარსი, რომლებიც ამერიკელებმა გარკვეული ხნის წინ გადასცეს მოსკოვს, გავიარეთ ეს დოკუმენტები და არ განგვიხილავს კონკრეტული ფორმულირებები, კონკრეტული წინადადებები, არამედ ვიმსჯელეთ იმის არსზე, რაც ჩადებულია ამ ამერიკულ დოკუმენტებში“.
2 დეკემბრის შეხვედრას წინ უძღოდა არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკება როგორც ვაშინგტონსა და კიევს, ისე კიევსა და ევროპის ქვეყნებს შორის. 1 დეკემბერს ფლორიდაში უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ტრამპის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად. უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უძღვებოდა. უმეროვმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "ეს შეხვედრა იყო პროდუქტიული და წარმატებული". პარალელურად ევროპის ქვეყნებში შეხვედრებს მართავდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 2 დეკემბერს, ირლანდიაში ყოფნისას, აშშ-დან დაბრუნებული უკრაინის დელეგაციის წევრებთან პირისპირ შეხვედრისას მოისმინა მან მაიამიში გამართული შეხვედრის დეტალები. მოგვიანებით, ირლანდიელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დღეს ყველაზე ახლოს არის მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რომ ამისი რეალური შანსი არსებობს, მაგრამ ეს შანსი გამოსაყენებელია:
"მოგიწოდებთ შეეწინააღმდეგოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ასუსტებს რუსეთზე ზეწოლას, სანამ ომი და ოკუპაცია, სიძულვილის პროპაგანდა გრძელდება. რუსეთზე ზეწოლა სრულად უნდა შენარჩუნდეს, რომ რუსეთს არ ეგონოს, ის დაჯილდოვდება ამ ომის, უკრაინის მიწის მიტაცების ან ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო", - განაცხადა ზელენსკიმ 2 დეკემბერს ირლანდიის პარლამენტში გამოსვლისას.
ფორუმი