„გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში” - ითქვა სუს-ში 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, სადაც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაწყებულიგამოძიების ერთი ნაწილი დახურულად გამოცხადდა.
ლაშა შერგელაშვილი, ღირსების მედლით ორგზის დაჯილოებული ვიცე-პოლკოვნიკი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი რესპონდენტია. ბიბისის ფილმში ის საუბრობს ქიმიური ნივთიერებების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობებზე.
სუსის ვერსიით 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, “მასების მართვისათვის” გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’. სუს-მა არ დააკონკრეტა, შეურიეს თუ არა ეს ნივთიერება წყლის ჭავლში, როგორც ეს BBC-ის გამოძიებაშია ნათქვამი, თუმცა აღინიშნა, რომ ის გამხსნელ ნივთიერებასთან, ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნართან ერთად იქნა გამოყენებული.