მოკლედ
- 20-21 დეკემბერს თბილისში, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება საახალწლო წიგნის ბაზრობა, სადაც წიგნები ფასდაკლებით გაიყიდება.
- ბაზრობაზე წიგნების წარდგენას, საბავშვო პიესები და განათლების თემაზე დისკუსიები დაემატება.
- ბაზრობაზე პოლიტიკურ აქციებზე დაკავებული პატიმრების შვილებისთვის საახალწლო საჩუქრები შეგროვდება და შემოსავლის ნაწილი დამოუკიდებელ მედიას გადაერიცხება.
ახალი წელი მხოლოდ ზეიმს არ უკავშირდება, არამედ ჩავლილ დროსაც, დანაკარგს, საკუთარ თავთან მიბრუნებას, იმის გააზრებას, თუ რა გზა გაიარე, არა მხოლოდ წელს, არამედ საერთოდ. სევდისა და ბედნიერების ნაზავია. თუნდაც, ნიკო ლორთქიფანიძის საშობაო მინიატურები ავიღოთ, აქ ტკივილიც არის, იმედიც. ის, რაც საუკუნის წინ ხდებოდა და სამწუხაროდ, დღესაც ხდება. სამყარო ამ მხრივ არ იცვლება, არც საქართველო“, - ამბობს გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია.
გრძელ ზამთარში დაბადებული ტრადიცია
საშობაო ზღაპარი, როგორც ჟანრი, ევროპული ტრადიციაა. 1816 წელს ბერლინში გამოქვეყნდა ჰოფმანის ზღაპარი „მაკნატუნა და თაგვების მეფე“. მოგვიანებით ეს მოთხრობა ალექსანდრე დიუმამ ფრანგულად გადააკეთა. ამ ფრანგულ ვერსიაზე დაწერა ოპერა ჩაიკოვსკიმ. მას შემდეგ ზამთრის სეზონზე ყველაზე ხშირად სწორედ „მაკნატუნას“ დგამენ.
„საშობაო თემა ფოლკლორში იმდენად არ გვხვდება. ყველა ზღაპარი ავტორის მიერ არის დაწერილი, მაგალითად, ანდერსენის ზღაპრები, დიკენსის „საშობაო სიმღერა“, - ამბობს ფორკლორისტი ელენე გოგიაშვილი. ის მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში საახალწლო ატრიბუტების გაჩენას ხელს გრძელი და მკაცრი ზამთარიც უწყობდა.
შობის ღამე
„ჩრდილოეთში ჰყავდათ წმინდა ნიკოლოზის ანტიპოდი, მითოლოგიური არსება კრამპუსი, რომელიც უწესო ბავშვებს გუდაში აგროვებდა. ასევე ჰყავთ თოვლის ბებია, ქალბატონი ქარბუქი - ზოგჯერ ასეც თარგმნიან. ქართველებს არ გვყავს ზამთართან და სიცივესთან დაკავშირებული მითოლოგიური პერსონაჟები. გვყავს, მაგალითად, ღრუბელთბატონი, ამირანის სიმამრი, მაგრამ ის თოვლს არ უკავშირდება“, - ამბობს ელენე გოგიაშვილი.
მისი თქმით, ევროპაში, განსაკუთრებით ინგლისსა და გერმანიაში გამორჩეულად პოპულარული იყო საშობაო წარმოდგენები, სახლის, სკოლების თეატრები, სადაც საშობაო (და არამარტო) პიესებს დგამდნენ.
ქართულ ფოლკლორში საახალწლო თემატიკა თითქმის არ არის. ერთადერთი ზღაპარი, რომელიც შობას უკავშირდება ვაჟა-ფშაველას „სათაგურია“.
ასევე ნახეთ "უნივერსალური ბოლშევიკური მიგნება" - როგორ ჩაანაცვლა სსრკ-მ შობა ახალი წლით„ქალაქიდან ძია ესტატე ღამე-ღა იყო, როცა სახლში მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა“... ასე იწყება ვაჟას ეს მოთხრობა, რომლის მთავარი გმირები, „მაკნატუნასი“ არ იყოს, აქაც თაგვები არიან. ესტატემ ოჯახს საახალწლო სურსათი, კაბა-წუღები და სათაგური მოუტანა, რადგან მათი „დიდი ჭრელი კატა“ ღნავალა მხოლოდ ღნავის და ტახტზე მიდი-მოდის „თაგვი კი თავის სიცოცხლეში ერთიც არ დაუჭერია“.
სათაგურში ჩადებული ლებანის გასასინჯად ფიცხელა გამოდის, „განთქმული სიმარდით, გულადობით და გამბედაობით; იმას მოსდევდა ცელქა, შემდეგ ცქმუნა, მერე კუდა, ფხორა; დანარჩენ თაგვების სახელს ვინ ჩამოსთვლის ან კი. მთელი ფარა იყო: სულ რჩეული ვაჟკაცები“.
ზღაპარიც ამაზეა - ერთობაზე, მეგობრობაზე, გაჭირვებაში ჩავარდნილი (ამ შემთხვევაში სათაგურში გაბმული) თანადგომასა და შეწყალებაზე.
„არა, ბატონებო, მე, როგორც თამადა, ვათავისუფლებ თაგვს, რადგან დღეს საუფლო დღეა, და ეგ თაგვიც ალბათ რითიმე შესანიშნავია, რომ თავის თანამოძმეთა თანაგრძნობა მოუპოვებია. ხომ ნახეთ, როგორ ეშველებოდენ თაგვები და უნდოდათ მისი გათავისუფლება“, - ამბობს ზღაპრის ბოლოს ესტატე და ცოცხლად გადარჩენილი ფიცხელაც სათაგვეთს უბრუნდება.
ასევე ნახეთ როგორ აკრძალა სტალინმა ნაძვის ხემართალი კაცი მეკვლედ
მწერალ ნატო დავითაშვილს, რომელიც წიგნებს ქართულ მითოსზე დაყრდნობით წერს, ახალ წელთან დაკავშირებით ცროლის მთა ახსენდება.
ნატო დავითაშვილი
„ხევსურეთში ყველა სოფლიდან ცროლის მთაზე უნდა ასულიყვნენ. გადმოცემის თანახმად, მართალი ადამიანის ხელში მთაზე სანთელი თავისით აინთებოდა. ეს ადამიანი, უკვე უკან დაბრუნებული, თავისი სოფლის მეკვლე იყო“, - ამბობს ნატო დავითაშვილი.
წიგნების საახალწლო ბაზრობაზე ნატო დავითაშვილი თავის ახალ წიგნსაც წარადგენს - „ზილხას“, რომელიც ამჯერად აფხაზურ მითოსზე დაყრდნობით არის დაწერილი.
„ჩაფიქრებული მქონდა, რომ 8-9 წლის ბავშვებს წაეკითხათ ეს წინგი. მომავალში ქართველები და აფხაზები ერთმანეთს რომ შეხვდებიან, რაღაცა უნდა ჰქონდეთ სალაპარაკო და მათ შორის ბავშვობიდან გამოყოლილი ზღაპრები“.
კამპანიისთვის „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“
გარდა იმისა, რომ ბაზრობაზე წიგნები ფასდაკლებით გაიყიდება, მთელი ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი: წიგნების წარდგენა, საბავშვო პიესები და დისკუსია განათლების საკითხებზე.
თუ ადრე წიგნებს მსახიობები წარადგენდნენ, წელს მათ ყოფილი პატიმრები შეუერთდებიან. ამით საქართველოს წიგნის ასოციაციას სურს „მხარდაჭერა გამოუცხადოს უკვლებლივ ყველა პატიმარს, ამიტომ წიგნის ბაზრობის მონაწილეები პოლიტპატიმრების მცირეწლოვანი შვილებისათვის გადასაცემ საახალწლო საჩუქრებს შეაგროვებენ“.
ასევე ნახეთ თბილისში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერი მარში იმართებასაქართველოს წიგნის ასოციაცია, რომელიც საახალწლო ბაზრობის ორგანიზატორია 2025 წელს დაარსდა. ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს. ბაზრობიდან შემოსული შემოსავალის ნაწილი დამოუკიდებელ მედია-კომპანიებს გადაერიცხებათ.