20 ივნისზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ პაატა სალია გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს

პაატა სალია: „პროკურატურა მიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც არის დადგენილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ“.

იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას კომენტარს 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. იგი პასუხისმგებლობას აკისრებს ექსპრემიერს, ოპოზიციაში გადასულ გიორგი გახარიას, რომელიც ახლა გერმანიაშია.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, - პრესცენტრის თანახმად, განაცხადა პაატა სალიამ.

  • სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 11 დეკემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში აქციების დაშლის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლი;
  • ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას, ჯამში, ასიათასობით ევროს გადახდა მოუწევს „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული ადამიანებისთვის - 640 ათას ევროზე მეტი მატერიალური და არამატერიალური კომპენსაციისთვის და დამატებით 40 ათას ევრომდე სამართლებრივი დავისთვის გაწეული ხარჯებისთვის.
  • ხელისუფლება ვალდებულია, ეს თანხა დაზარალებულებს გადაუხადოს სამი თვის ვადაში.

პაატა სალია, - სამინისტროს მსგავსად, რომელიც საქმეში მოპასუხე იყო, - გადაწყვეტილებას ხელისუფლების მიმართ პოზიტიურად წარმოაჩენს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ - ნეგატიურად.

ასევე ნახეთ „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულებმა საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაშიც მოიგეს

„დღევანდელი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები და ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან“, - განაცხადა პაატა სალიამ, მისი პრესცენტრის თანახმადვე:

„საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 12 ნოემბერს დაიწყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს გარემოება ვერ მოხვდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ვინაიდან მსჯელობა და არსებითი განხილვა საქმეზე უკვე დასრულებული იყო. თუმცა ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სრულ თანხვედრაშია ევროპული სასამართლოს მიერ ჩატარებული მოქმედებები იმ მოქმედებებთან, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს“.

„მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება სამართალდამცავ ორგანოს - პროკურატურას ადგილობრივ დონეზე დიდწილად შესრულებულიც კი აქვს და, რა თქმა უნდა, პროკურატურა მიიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც არის დადგენილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, - განაცხადა ასევე მან.

  • თავის მხრივ, ოპოზიციაში გადასული გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, რომ ეთანხმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ კონვენციის სამი მუხლის დარღვევა დაადგინა, პარტიაში მის შინაარსს პოზიტიურად აღიქვამენ.
  • „ქართულ ოცნების“ წევრებმა გახარიას, - რომელიც თვეებია, გერმანიაშია, - მოუწოდეს, „დაბრუნდეს საქართველოში და პასუხი აგოს კანონის წინაშე“.
  • ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა წლების შემდეგ. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს 12 ნოემბერს.
  • „გავრილოვის ღამიდან" მალევე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა.
ასევე ნახეთ გახარიას პარტია ეთანხმება „გავრილოვის ღამის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატის გადაწყვეტილებას

2019 წლის 20 ივნისს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ, ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმ დილით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს - სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

იმ არგუმენტით, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. ამ დღეს, სულ მცირე, ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა, დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და მოქალაქე.

სასამართლომ დაადგინა:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) ორივე ასპექტის დარღვევა (26 განმცხადებლიდან 24-ის მიმართ);
  • მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა 14 განმცხადებლის მიმართ;
  • მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა 11 განმცხადებლის მიმართ;
  • 38-ე მუხლის (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულების) არარსებობა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ იცავდნენ 26 მოსარჩელის ინტერესებს:

  1. მერაბ ცაავა;
  2. ბესლან კმუზოვი;
  3. ზაზა სვანიძე;
  4. თამარ ბაღაშვილი;
  5. გვანცა ნემსაძე;
  6. ანა ვახტანგაძე;
  7. ნინო ხოზრევანიძე;
  8. კოტე გრიგალაშვილი;
  9. გურამ მურადოვი;
  10. თორნიკე კოშკაძე;
  11. გიორგი ჭუმბურიძე;
  12. გელა ბოჩიკაშვილი;
  13. ეკატერინე აბაშიძე;
  14. გიორგი დიასამიძე;
  15. დავით ქურდოვანიძე;
  16. დავით შეყილაძე;
  17. დიმიტრი ფოჩხიძე;
  18. ირაკლი გიორგაძე;
  19. ირაკლი ხვადაგიანი;
  20. მაკო გომური;
  21. ნიკოლოზ შარვაშიძე;
  22. თეიმურაზ დიდბერაშვილი;
  23. გიორგი სულაშვილი;
  24. ირაკლი ჩიკვილაძე;
  25. ლექსო ჩანქსელიანი;
  26. ვახტანგ ბერიკაშვილი.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი გამოძიება უკვე ხუთ წელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მას მაინც არ მოჰყოლია ყველა გარემოების საფუძვლიანი შეფასება; არც განმცხადებლების მიმართ არასათანადო მოპყრობის ან იმ სახელმწიფო მოხელეების ვინაობის შესახებ დასკვნების გამოტანა, რომლებმაც გამოიყენეს - ან ბრძანეს - გადაჭარბებული ძალის გამოყენება...

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული გამართლება დემონსტრაციის დაშლის სურვილისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ის პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარეობდა და ზოგიერთ მომიტინგეს შენობაში შტურმით შეჭრა სურდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაშლის გზა არ იყო გამართლებული“, - წერია გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ დააკმაყოფილა იმ ორი მომჩივნის საჩივარიც, რომელიც ქვედა პალატამ დაუშვებლად ცნო საქმეში ექსპერტიზის ცნობის არარსებობის გამო.

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა (წამების აკრძალვა) ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისს დაადგინა. თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის“ (EHRAC) დახმარებით მომჩივნები მოითხოვდნენ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევის დადგენასაც.
ასევე ნახეთ "აღარაფერი იქნება ისე, როგორც 20 ივნისამდე" - მაკო, ნათია, კობა, ლალი, გიორგი და დათო 2 წლის შემდეგ